საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა და სხვა ლიდერებმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა „ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს  ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება“.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.

მაღალი დონის კვირეულის გახსნამდე, გაერო-ს გენერალური მდივნის სახელით, სესიაში მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებისთვის ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

დატოვე კომენტარი