საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მაღალი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მაღალი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მაღალი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების ორი პანელიდან საქართველოს მთავრობის მეთაური იმ დისკუსიის მონაწილე იქნება, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალზე მსჯელობას შეეხება.

კონფერენციას, რომელშიც ბრიუსელში სტუმრად მყოფი სახელმწიფოს მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი გახსნის.

ჟან-კლოდ იუნკერი მამუკა ბახტაძეს პირისპირ შეხვედრის ფორმატშიც მიიღებს.

დისკუსიაში, სახელწოდებით – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი, ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, კავშირებისა და საზოგადოების პირობებში“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, მოლდოვის პრემიერი პაველ ფილიპი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნატსაკანიანი, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი მიიღებენ მონაწილეობას.

მაღალი დონის კონფერენციას სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დახურავს.