საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მილიონ ლარამდე დასჭირდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მილიონ ლარამდე დასჭირდება

საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მილიონ ლარამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ონში განუცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის მეთურის თქმით, სულ მცირე, ერთი თვე დასჭირდება რამდენიმე სოფლის გზის გაკეთებას.

„ვესაუბრეთ „ენერგო-პროს“ და ისინი გვპირდებიან, რომ შეიძლება, ერთ კვირაში ელექტრომომარაგება აღდგეს. ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფება ადგილზე. სოფლებთან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ადამიანებს, რომლებსაც სოფლებიდან გამოყვანის სურვილი ექნებათ, გამოვიყვანთ. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა საჭირო პროდუქტით. ოთხი ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები დამატებით დაახლოებით, 30 მილიონ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მილიონ ლარამდე. ამ ადამიანებს იმის გამო, რომ ელექტროენერგია არ აქვთ, სამყაროსთან კავშირი შეზღუდული აქვთ, ეს ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვანია. ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი – ეს ის სოფლებია, სადაც, სამწუხაროდ, დაახლოებით, ერთი თვე მოგვიწევს მუშაობა. თუმცა, გვპირდებიან, რომ კარგი ამინდის პირობებში, ელექტროენერგიას აღვადგენთ ერთ კვირაში, ათ დღეში. მოხდება სოფლების მომარაგება და არანაირი პრობლემა არ იქნება, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა გახარიამ.

მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს კონგრესმენების განცხადების შესახებ ჰკითხეს, რომელზეც გიორგი გახარიამ კომენტარი მოგვიანებით გააკეთა, მანამდე კი აღნიშნა: „მაცადეთ. ახლა  ჩემთვის ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები, მაცადეთ. სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, მაცადეთ. სტიქიაა, მადლობა ღმერთს, გადავრჩით”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში დილიდან განაახლეს აქტიური სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთის, ჯინჭვისი-გომისა და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.