საქართველოს პრეციზიული სროლის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს #1TVSPORT
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატში საერთაშორისო პრეციზიული ფედერაციის (IPRF) ეგიდით პრეციზიულ სროლაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს პირველობაზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობს საქართველოს პრეციზიული სროლის ნაკრები. გუნდის შემადგენლობაში არიან ოთარ კიშინსკი, გიორგი გელაშვილი და დავით ზანგალაძე.
ქართველი მსროლელები აშშ-ში წინასაშეჯიბრო მზადებას გადიან და ჩემპიონატში, თავისუფალ დივიზიონში 14 სექტემბრიდან ჩაებმებიან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაცია 2021 წელს დაფუძნდა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ის რამდენიმე თვის წინ აღიარა.
პრეციზიული სროლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებს აქვთ რამდენიმე სამიზნე, მთავარი ამოცანა კი გარკვეულ დროში რაც შეიძლება მეტი სამიზნის აღებაა. ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტთან, ოთარ კიშინსკისთან ერთად გამართავს შეხვედრებს საერთაშორისო პრეციზიული ფედერაციის პრეზიდენტთან, მარკუს ოლსონთან და აშშ-ის პრეციზიული სროლის ფედერაციის პრეზიდენტთან, გრეგორი ბელთან. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ იასპარეზებს. 2022 წელს ლიმიტედის დივიზიონში, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა; ამავე დივიზიონში ინდივიდუალურ ასპარეზობაში 50 სპორტსმენს შორის ბექა წიკლაურმა კი შეჯიბრი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა.
პრეციზიულ სროლაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 30 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. პრეციზიულ სროლას საფუძველი აშშ-ში ჩაეყარა და მსოფლიოში პოპულარობა მალევე მოიპოვა.