ტალინში პნევმატური იარაღიდან სროლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ტალინში პნევმატური იარაღიდან სროლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

ტალინი პნევმატური იარაღიდან სროლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების წევრებმა კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყეს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. დღეს გაიმართა შერეული გუნდური შეჯიბრება ახალგაზრდებში, სადაც ორივე ბრინჯაოს მედალი ჩვენმა გუნდებმა დაისაკუთრეს – გადამწყვეტი შეხვედრა ორივემ ერთნაირი ანგარიშით 16:12 მოიგო.

შეჯიბრებაში 30 წყვილი ჩაება, ჩვენმა ორივე გუნდმა კი პლეიოფის საგზური მოიპოვა. პირველ გუნდში თბილისელი მარიამ აბრამიშვილი და ქუთაისელი გიორგი მუმლაძე შედიოდნენ, მეორეში – თელაველი მარიამ ფროდიაშვილი და ქუთაისელი იოანე ხვარეშია. მათ შესარჩევი ერთნაირი შედეგით, 565 ქულით დაასრულეს, თუმცა საუკეთესო დამატებითი მაჩვენებელი პირველ გუნდს აღმოაჩნდა და მე-3 ადგილზე გავიდა, მეორე წყვილი კი მე-4 საფეხურზე დარჩა.

ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად თავდაპირველად მეორე გუნდი გავიდა. მათი მეტოქე იტალიელთა დუეტი იყო – ფრანჩესკა კარდიერო – ლიან-ქსი სავორანი. შეხვედრა საკმაოდ დრამატულად წარიმართა – თავიდან ქართველების 6:0 „გაქცევას“, იტალიელთა მხრიდან ანგარიშის შემცირება მოჰყვა – 6:4. აქ მათ წუთშესვენება აიღეს, თუმცა ამით მეგი ქადაგიძემ და მისმა შეგირდებმა ისარგებლეს და ანგარიში 12:4 გახდა, ამას იტალიელთა „რენესანსი“ მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა – 12:12. აქ უკვე მეგი ქადაგიძემ აიღო წუთშესვენება, შეხვედრის განახლების შემდეგ კი ჩვენებს ერთი სეტიც არ დაუთმიათ და 16:12 გაიმარჯვეს.

აბრამიშვილი-მუმლაძის წყვილმა უფრო ადვილად დაამარცხა მოლდოველები – ანა დულკე-დენის პოპოვი. ჩვენები აქაც 6:0 დაწინაურდნენ, რასაც 6:4 მოჰყვა. აქ წუთშესვენება მწვრთნელმა ლევან ქადაგიძემ აიღო, მის დარიგებების შემდეგ ანგარიში 8:4 გახდა, მერე კი მეტოქეებმა მორიგეობით მოიგეს სეტები და ერთ პერიოდში მოლდოველები 12:10 დაწინაურდნენ. ოღონდ ეს მათი ბოლო წარმატება იყო – ამის შემდეგ ჩვენებმა 3 სეტი მოიგეს და საბოლოოდ, მათაც 16:12 გაიმარჯვეს.