საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის რვავე კანდიდატს პარლამენტის წინაშე რეკომენდაცია გაეწია

დღეს საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის კანდიდატების შერჩევის საპარლამენტო საკონკურსო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა. კანდიდატებმა კომისიას არხის განვითარების საკუთარი კონცეფციები წარუდგინეს და კითხვებს უპასუხეს. კომისიამ დღეს საერთო ჯამში რვა კანდიდატს მოუსმინა და კენჭისყრით გადაწყდა, რომ პარლამენტის წინაშე რეკომენდაცია რვავე მათგანს გაეწიოს. ეს კანდიდატები არიან: ზაზა აბაშიძე, თამარ ამაშუკელი, ნათია კაპანაძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, დოდო შონავა, კონსტანტინე ჩლაიძე და ზაურ ხალილოვი.

თავდაპირველად განაცხადი 10-მა პრეტენდენტმა გააკეთა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა, ოთარ შაორშაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, დარჩენილი ცხრიდან კი, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი, ნინო ჭალაგანიძე არ მისულა.

პირველი არხის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარადგინოს, ორი კი – უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 16 მარტს გამოცხადდა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდა.