საქართველოს პირველი არხის პროექტის „შარქ თენქ საქართველო“ წარმომადგენლებმა ოზურგეთში შეხვედრა გამართეს
საქართველოს პირველი არხის პროექტის „შარქ თენქ საქართველო“ წარმომადგენლებმა ოზურგეთში შეხვედრა გამართეს

საქართველოს პირველი არხის პროექტის „შარქ თენქ საქართველო“ წარმომადგენლებმა ოზურგეთში შეხვედრა გამართეს. მაყურებელი სულ მალე ეთერში შოუს ახალ სეზონს იხილავს, პირველ თებერვლამდე კი, აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს.

შეხვედრა დაინტერესებულ და პოტენციურ მონაწილეებთან „სტენლი შოუსთან“ და „ბიზნესპარტნიორთან“ ერთად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სხვა რეგიონებისთვის ფეისბუქის ლაივსტრიმის რეჟიმში გადაიცემოდა, რომლის საშუალებითაც, ხელმისაწვდომი იყო ასევე ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტოს სხვადასხვა ადგილობრივი ცენტრების სეგმენტისთვის და ყველა დაინტერესებული აპლიკანტისთვის, ვისაც აქვს სურვილი, განავითაროს თავისი ბიზნესი და ამისთვის დაფინანსება სჭირდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ შარქი პავლე მგელაძე, რომლისგანაც პოტენციურმა აპლიკანტებმა მოისმინეს საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პროექტის შესახებ და გადაცემის წარმატებული მონაწილე VIDOOFOOD-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა ჟღერია, რომელმაც აპლიკანტებს თავისი საინტერესო გამოცდილება გაუზიარა.

გადაცემის ახალ სეზონს მაყურებელი სულ მალე საქართველოს პირველი არხის ეთერში, ჩვეულ დროს ნახავს.

„არის სამი მარტივი მიზეზი, რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა პროექტში „შარქ თენქ საქართველო“. ეს არის შოუ, რომელშიც შეგიძლიათ, თავი ისე წარმოაჩინოთ, როგორც ეს თავად გსურთ, რადგან ეს უსაფრთხო მედიაა და მიზანი „სანახაობის“ მოწყობა არ არის.  ეს არის საუკეთესო საშუალება, თავი გამოსცადოთ მოკლე დროში თქვენი იდეის და მისი განხორციელების გზის პრეზენტირების უნარში, ნახოთ, როგორია, იდგე ნამდვილი შარქების წინ და მათგან მიიღო კარგი რჩევები და რაც მთავარია, სასურველი ინვესტიცია. ასევე აუცილებლად აღვნიშნავ იმ სარგებელს, რომელიც პროექტის ყველა მონაწილეს აქვს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დაფინანსებას. ეს არის მათი და მათი კომპანიის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობადობის გაზრდა“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროექტს „შარქ თენქ საქართველო“, SONY Pictures ის პოპულარული სატელევიზიო მეგაშოუ, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს წინა წლის ნოემბრიდან სთავაზობს. პირველ სეზონზე დაფინანსდა პროექტის 14 მონაწილე და ჯამში $1.5 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის პირველი არხის მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია მოიპოვოს, პროცესს კი, მაყურებელს საინტერესო ფორმით სთავაზობს. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ქართული ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გასული ეპიზოდების ნახვა შესაძლებელია გადაცემის ფეისბუქგვერდზე და პირველი არხის ონლაინპლატფორმაზე.

დატოვე კომენტარი