საქართველოს პირველი არხის მიერ არჩევნების გაშუქება
საქართველოს პირველი არხი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარ პირობებს სთავაზობს.
საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებისა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პირველი არხი არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას დებატებისთვის ეთერს დაუთმობს. დებატები გადაითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
დებატებში მონაწილეთა თანმიმდევრობა განისაზღვრება წილისყრით (წილისყრის გამართვის დროის და ადგილის შესახებ ინფორმაცია პარტიებს წინასწარ მიეწოდებათ).
როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც საქართველოს პირველი არხი პასუხისმგებლობას იღებს, რომ დებატები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პოზიცია ამომრჩეველს თანაბარ პირობებში გააცნონ.
საქართველოს პირველი არხი ასევე სთავაზობს პარტიებს „მოამბის“ 12:00, 15:00, ან 18:00-საათიან გამოშვებაში პარტიული ან მაჟორიტარული სიის, ან პროგრამის პრეზენტაციისთვის 10-12-წუთიანი პირდაპირი ეთერის დათმობას იმ შემთხვევაში, თუ პარტია თავად უზრუნველყოფს არხისთვის პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალის მოწოდებას. მასალა გადაითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და გადაიცემა აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან „მოამბეში“. ასევე აღნიშნული მიმართვები განთავსდება პირველი არხის ვებგვერდზე შესაბამისი ენის განყოფილებებში. ერთჯერადად ამ შეთავაზებით უკვე ისარგებლეს პარტიებმა: „ევროპული საქართველო“, „ქართული ოცნება“, „ლელო“, პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“, პარტია „მოქალაქეები“.
„მოამბის“ მთავარ გამოშვებაში შუქდება და მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში გაშუქდება საარჩევნო სუბიექტების ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათი საარჩევნო პროგრამები და პოზიციები. „მოამბის“ 21:00 საათიან გამოშვებაში, ცესკოს მიერ რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებს მიმართვისთვის დაეთმობათ 5 წუთი. რიგითობა განისაზღვრება კენჭისყრით. მიმართვები ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გადაიცემა აზერბაიჯანულ და სომხურენოვან „მოამბეში“, ასევე განთავსდება პირველი არხის ვებგვერდზე, შესაბამისი ენის განყოფილებაში. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ „მოამბის“ მთავარი გამოშვება გადაიცემა სომხური და აზერბაიჯანული ენების მატარებელი ხმოვანი ბილიკების თანხლებით (ენის რეჟიმის გადართვა შესაძლებელია მიმღების დისტანციური პულტის საშუალებით).
საარჩევნო თემები აქტიურად გაშუქდება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებშიც, რომელიც სექტემბრიდან დაბრუნდება ეთერში.