საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი სომხეთის დელეგაციას შეხვდა [ფოტო]
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი სომხეთის დელეგაციას შეხვდა [ფოტო]

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი სომხეთის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში შედიან მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სფეროში მომუშავე ექსპერტები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების (რეფორმების დაგეგმვა-რეალიზებაზე პასუხისმგებელი პირები) წარმომადგენლები.

სტუმრებმა დაათვალიერეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიები და გაეცნენ ინტეგრირებული ნიუსრუმის მუშაობის პრინციპს.

„საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა ოჯახის აქტიური წევრია და მჭიდრო თანამშრომლობა აქვს მსოფლიოს წამყვან მაუწყებლებთან. შესაბამისად, საზოგადობრივი მაუწყებელი ჩვენს რეგიონში ევროპული მოდელის მედიის განვითარების კარგი მაგალითია, საინტერესო გამოცდილების გაზიარება კი ყოველთვის სასარგებლოა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრების/დისკუსიების სერია ქართველ მედია ექსპერტებთან, კომუნიკაციის კომისიის, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრები დაგეგმილია ამერიკული ფონდის „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისთვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „სომხეთი-საქართველოს პოლიტიკის დიალოგი“ ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“ და საგანმანათლებლო ცენტრი თანასწორი უფლებებისთვის (სომხეთი).