საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ლიდერების სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ლიდერების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ლიდერების სამიტში მონაწილეობს, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მედიაპროგრამის ფარგლებში, იტალიის ქალაქ კადენაბიაში იმართება.

სამიტს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ოფიციალური წარმომადგენლები, EBU-ს დირექტორი ნოელ კურანი და ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელები ესწრებიან.

სამიტზე მედიისთვის აქტუალური საკითხები განიხილება, მონაწილეები კი ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილებას და ცოდნას უზიარებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ციფრული ეპოქის გამოწვევები ლიდერებისთვის, კულტურული და სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვა, ქროსმედია სტრატეგიები, კონტენტის შერჩევის და დაგეგმვის საუკეთესო პრაქტიკა, აუდიტორიასთან კავშირი და ადამიანური რესურსების განვითარება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლების როლი და ფუნქცია განსაკუთრებულია და განსხვავდება ყველა სხვა ტიპის მედიისგან, როგორც კულტურათა დიალოგის პლატფორმის და სანდო, დაბალანსებული ინფორმაციის წყაროსი. ეს მახასიათებლები ევროპის ყველა საზოგადოებრივ მედიას ახასიათებს, სწორედ ამ საკითხებს და ციფრულ ეპოქაში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს განვიხილავთ სხვა მაუწყებლების ლიდერებთან ერთად სამიტზე“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.