საქართველოს პირველი არხის განცხადება ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით
საქართველოს პირველი არხის განცხადება ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით

საქართველოს პირველი არხი ეხმიანება კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ახალი ვერსიის პრემიერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

21 მარტს პირველი არხის ეთერში ჯემალ სეფიაშვილმა სიმღერის ახალი ვერსიის შესახებ, რომელსაც მხოლოდ მამაკაცი მომღერლები ასრულებენ, განაცხადა: „ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ აი, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას“.

ავტორის კომენტარი გამოხატავს მხოლოდ მის მოსაზრებას და არა არხის პოზიციას. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე არ იგეგმება აღნიშნული სიმღერის ან კლიპის პრემიერა, არამედ 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ტრანსლაცია, რომლის პროგრამასა და შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ღონისძიების ორგანიზატორი.

მოგეხსენებათ, რომ 9 აპრილი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში, სწორედ ამიტომ, საქართველოს პირველი არხი მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს და გააშუქებს ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებას.

დატოვე კომენტარი