საქართველოს პირველი არხის განცხადება
საქართველოს პირველი არხის განცხადება

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს სთავაზობს ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ტრანსლაციას, მიმდინარე კვირას კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი განსაკუთრებით დატვირთულია რიგი სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებით: მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში (31 აგვისტო-15 სექტემბერი), საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშები (5, 8 სექტემბერი), საქართველოს ნაკრების თამაში რაგბიში (6 სექტემბერი), ევროპის ჩემპიონატი თბილისში – 18-წლამდელების 3X3-ზე კალათბურთი (6, 7, 8 სექტემბერი).

საქართველოს პირველ არხს აღნიშნული სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციის შესახებ შეთანხმება მიღწეული აქვს განსაზღვრული პერიოდით ადრე, ნაკისრი აქვს საერთაშორისო ვალდებულებები და შესაბამისად, დაგეგმილი და ორგანიზებულია საჭირო ფინანსური და ტექნიკური რესურსი, რათა მაყურებლის ინტერესების გათვალისწინებით დაკმაყოფილდეს აუდიტორიის მოთხოვნა.

გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პერიოდში საქართველოს პირველი და მეორე არხის საეთერო დროის დიდი ნაწილი უკავია სპორტულ ტრანსლაციებს, ვერ ხერხდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და პლენარული სხდომების სრულად პირდაპირ ეთერში სატელევიზიო პლატფორმით გადაცემა.

გვინდა, მაყურებელს ვაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობს ჩვენს ვებპლატფორმაზე www.1tv.ge ხოლო მთელი დღის საპარლამენტო მუშაობის ვიდეოჩანაწერს მაყურებელს შევთავაზებთ მეორე არხზე, სპორტული ტრანსლაციების დასრულების შემდეგ.