საქართველოს პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარომ“ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი პროექტი „წიგნების თარო Media“ გააცნო

საქართველოს პირველი არხის ახალგაზრდული პროექტი „წიგნების თარო“ საქართველოს უნივერსიტეტებს სტუმრობს.

შეხვედრა დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ახალგაზრდებს საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი შეხვდნენ.

მათ სტუდენტებს საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის, „წიგნების თარო Media“-ს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ვასილ მაღლაფერიძე სტუდენტებს იმ შანსზე ესაუბრა, რომლითაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს პირველ არხზე.

„წიგნების თარო Media“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტია, რომელიც „წიგნების თაროს“ უნიკალურ ქართულ მობილურ აპლიკაციაზე ხორციელდება. პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები, როგორც სტუდენტები, ისე მოსწავლეები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. პროექტის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან საქართველოს პირველ არხზე ექვსი ახალგაზრდა ექვსთვიანი აზღაურებადი სტაჟირების სპეციალურ პროგრამას გაივლის.

პარალელურად, პროექტი მერვე სასკოლო და მეოთხე სტუდენტური სეზონის რეგისტრაციას აცხადებს.

„წიგნების თარო“ სასკოლო სეზონში მონაწილეობის მისაღებად, სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, დირექტორმა ან მასწავლებელმა უნდა დაარეგისტრიროს სამი, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლისგან შემდგარი გუნდი. სკოლას აქვს მხოლოდ ერთი გუნდის რეგისტრაციის უფლება.

სტუდენტურ სეზონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრ სტუდენტს. გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. გუნდების რაოდენობა ერთი და იგივე უმაღლესი სასწავლებლიდან შეზღუდული არ არის.

მთავარი პრიზი უცვლელი რჩება – კემბრიჯის საზაფხულო სკოლა. 2020 წლის ზაფხულში „წიგნების თარო“ კემბრიჯში კიდევ 14 ახალგაზრდას გაუშვებს. რეგისტრაცია დღეს დაიწყო და მიმდინარეობს ვებგვერდზე registracia.1tv.ge. რეგისტრაცია გაგრძელდება 20 დეკემბრამდე.

დღესვე გადაცემის წამყვანმა სტუდენტებთან ერთად „წიგნების თარო“ ითამაშა.

„წიგნების თარომ“ პირველი შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

შემდეგი შეხვედრა კი 26 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება.