საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფი მირიან მელაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება
საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფი მირიან მელაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.
ის რუსთაველის მიმდებარედ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაშავდა.
საქმე ეხება 30 ნოემბერს, გამთენიისას აქციაზე მომხდარ შემთხვევას. მირიან მელაძეს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ფეხში გაურკვეველი საგანი მოხვდა.
„გუშინ, დღის მეორე ნახევარში დამიკავშირდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. მითხრეს, რომ წერილია შესული ჩემს ინციდენტთან დაკავშირებით მედიაომბუდსმენისგან. ვფიქრობ, რომ აქვთ დამატებით დეტალებზე კითხვები, რაზეც შესაბამის პასუხს გავცემ, ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სად ვიყავი, რა ვითარებაში მომხვდა გაურკვეველი საგანი თუ ნივთი, არ ვიცი დაზუსტებით, თუმცა დიდი იმედი მაქვს, ოდესმე გაეცემა ამ ყველაფერს პასუხი. ეს შემთხვევა მოხდა აქციების დაწყებიდან მეორე დღეს, 30 ნოემბერს, გამთენიას, რა დროსაც მე ვიდექი „მერიოტის“ კუთხეში და ვაპირებდი გადასვლას ქაშუეთის მხარეს. გადასვლის პროცესში მომხვდა გაურკვეველი საგანი“, – განაცხადა მირიან მელაძემ.
მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და მათზე თავდასხმის შემთხვევებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს.