საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის „ბიბისის“ ტრენერ ჯონათან სთოუნმენის ტრენინგი მიმდინარეობს
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის „ბიბისის“ ტრენერ ჯონათან სთოუნმენის ტრენინგი მიმდინარეობს

საქართველოს პირველი არხის ახალი ამბების ჟურნალისტებისთვის „ბიბისის“ ტრენერ ჯონათან სთოუნმენის ტრენინგი მიმდინარეობს.

ტრენინგი ონლაინ რეჟიმში იმართება, რომელზეც არჩევნების გაშუქების საკითხებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობენ.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელი ტრენინგის თემა არის სიზუსტე – როგორი წესები უნდა იქონიოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომ ინფორმაცია იყოს გადამოწმებული.

„მიმდინარეობს ტრენინგის შემდეგი ფაზა, როგორ გავაშუქოთ არჩევნები. დღევანდელი ტრენინგის თემა არის სიზუსტე – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა როგორი წესები უნდა იქონიოს, რომ ინფორმაცია იყოს გადამოწმებული. ძალიან საინტერესო დისკუსიაა, რა არის მთავარი, რომ იყო პირველი, თუ იყო ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციით. რაც დღეს ვიმსჯელეთ და ზოგადად მედიას ეხება, რომ გადამოწმებული ინფორმაცია ეს არის ის, რასაც უნდა ელოდოს მაყურებელი.

ეს ტრენინგი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტრენინგის ბოლოს გვექნება სარედაქციო დოკუმენტი, რომლითაც ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აი, ამ წესებით აშუქებს არჩევნებს. იცით, რომ ეს წელი არის უმნიშვნელოვანესი როგორც ჟურნალისტებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ გვაქვს ვალდებულება, ობიექტური, დაბალანსებული და ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს, რათა გაკეთდეს სწორი არჩევანი“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ტრენერი ჯონათან სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორის და მკვლევარის პოზიციებს იკავებდა, საბოლოოდ კი BBC World Service-ის ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი გახდა. ამჟამად სთოუნმენი საკონსულტაციო კომპანიას Stonepeople Media მართავს.