საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა „არქიტექტურული პრემია 2025“-ის გამარჯვებული გახდა
საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა „არქიტექტურული პრემია 2025“-ის გამარჯვებული გახდა – „თბილქალაქპროექტის“ მთავარ არქიტექტორს, ლევან სიამაშვილს ჯილდო გადაეცა ნომინაციაში „საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობა“.
ჟურნალ „სტილისა“ და „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარებულ ყოველწლიურ პრესტიჟულ კონკურსში წელს 167 ქართველი და უცხოელი არქიტექტორი, დიზაინერი და სტუდენტი მონაწილეობდა. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ 11 ნომინაციაში გამოავლინა.
საერთაშორისო კონკურსი 2006 წელს დაარსდა და მას შემდეგ არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის ტარდება.
როგორც პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, გამარჯვება ყოველთვის ამაღელვებელია.
„ვულოცავ ჩვენს გუნდს, ვულოცავ საზოგადოებას, რომელმაც კონკურსით აირჩია ეს არქიტექტურული პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც ქალაქს ეკუთვნის და საჯარო თანხით აშენდა, მსგავს კონკურსში იმარჯვებს. პირველი არხის შენობა ბევრ კონკურსზეა წარდგენილი და, ვფიქრობ, კიდევ გვასახელებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ქართველი არქიტექტორების ჯგუფმა შექმნა, დააპროექტა, ქართულმა საზოგადოებამ კი მისცა ყველაზე მაღალი შეფასება. ახლა კი გვაქვს გამარჯვება, რომლითაც ყველა ვამაყობთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
„თბილქალაქპროექტის“ მთავარი არქიტექტორის, ლევან სიამაშვილის განცხადებით, პროექტი წარმატებით დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის ყოველდღიური ჩართულობით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ნომინირებული იყო „არქიტექტურული პრემია 2025“-ზე საზოგადოებრივი ნაგებობის ნომინაციაზე. არქიტექტორისთვის ტელე-რადიო მაუწყებლობა ერთ-ერთი ურთულესი დავალებაა. უდიდესი შრომა ჩაიდო. ყველა წარმატებული პროექტია მნიშვნელოვანი და ყველა არქიტექტურული დაჯილდოების უკან დგას წარმატებული დამკვეთი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის ყოველდღიური ჩართულობით პროექტი წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა „თბილქალაქპროექტის“ მთავარმა არქიტექტორმა, ლევან სიამაშვილმა.
კონკურს „არქიტექტურული პრემიის“ დამფუძნებელმა, დიმიტრი მოსულიშვილმა განაცხადა, რომ ნომინაციაზე „საზოგადოებრივი რეალიზებული შენობა“ რამდენიმე პროექტი იყო წარდგენილი და, ჟიურის გადაწყვეტილებით, მათგან საუკეთესო პირველი არხის შენობა გახდა.
„კონკურსზე წარმოდგენილი იყო 11 ნომინაცია, ერთ-ერთი იყო – საზოგადოებრივი რეალიზებული შენობა. ნომინაციაში წარმოდგენილი იყო რამდენიმე პროექტი, მათგან ერთ-ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის პროექტი, რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა და გახდა საუკეთესო ნომინანტი. ვულოცავ არქიტექტორებს, ვულოცავ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, დირექციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, კარგი ინიციატივა იყო, მისასალმებელი და შედეგიც საკმაოდ კარგი გამოვიდა“, – განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა.