საქართველოს პირველი არხის ახალ შენობაში გადასვლის პროექტის ფარგლებში, საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების პროცესი დასრულდა
საქართველოს პირველი არხის ახალ შენობაში გადასვლის პროექტის ფარგლებში, საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების პროცესი დასრულდა

საქართველოს პირველი არხის ახალ შენობაში გადასვლის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ არქივთან გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების პროცესი დასრულდა.

საქართველოში პირველი მაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო, 2025 წელს რადიოს 100 წელი შეუსრულდა, სატელევიზიო სიგნალი კი პირველად 1956 წელს გადაიცა. საქართველოს პირველი არხი ამ წლების განმავლობაში რადიო და ტელეეთერში გასულ უნიკალურ არქივს, „ოქროს ფონდს“ ინახავს, თუმცა, გარდა ამისა, ორგანიზაციის არქივები მოიცავს საარქივო დოკუმენტებს, რომლებშიც გაერთიანებულია საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს არსებობის მანძილზე  შექმნილი შესაბამისი დოკუმენტები.

„ახალ შენობაში გადასვლის პროექტი არაერთი მიმართულებით კომპლექსურ სამუშაოს აერთიანებს, მათ შორის იყო წლების განმავლობაში დაგროვილი ორგანიზაციის დოკუმენტების არქივის სისტემატიზაცია და ახალ შენობაში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად განთავსება, ეს დოკუმენტები ისეთივე ნაწილია ამ ორგანიზაციის ისტორიის, როგორც მისი უნიკალური საარქივო მასალები. პირველ არხს და საქართველოს ეროვნულ არქივს არაერთი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილება აქვთ. როგორც ყოველთვის, ახლაც არქივის წარმომადგენლები განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მიუდგნენ პროექტს და უდიდესი შრომა ჩადეს ამ საქმეში, რისთვისაც მადლობას ვუხდით“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საუწყებო არქივში არსებული დოკუმენტები დამუშავდა და დაჯგუფდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ისტორიის განმავლობაში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის და სახელმწიფო კორპორაციის საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანია „ქართული ტელეფილმის“, ასევე სააქციო საზოგადოება „საქართველოს ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის“ და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შექმნილი დოკუმენტების ჩათვლით. პროექტის ფარგლებში განისაზღვრა მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი საქმეების ანაწერები, მოხდა საქმეების სისტემატიზაცია და მომზადდა კატალოგები, რაც მათ საძიებო და შემდგომი დამუშავების პროცესს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისს ხდის. ეროვნული არქივის მიერ სამეცნიერო-ტექნიკური წესით, ჯამში, დამუშავდა 63 220 საარქივო საქმე, მათ შორის, 1960-იანი წლებიდან 2018 წლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითადი საქმიანობის ამსახველი 11 831 მუდმივად შესანახი ერთეული და 1950-იანი წლებიდან 2018 წლამდე შექმნილი 9 156 პირადი შემადგენლობის საქმე – თანამშრომელთა პირადი საქმეები, მათი სოციალური უფლების განმსაზღვრელი დოკუმენტები და სხვა.

აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებულია როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ასევე საქართველოს ეროვნული არქივისთვის, რამდენადაც წლების განმავლობაში საქართველოს პირველი არხის დოკუმენტაცია ინახავს საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდნენ რადიოსა და ტელევიზიაში, ქმნიდნენ იმ უნიკალურ მასალებს, რომლებსაც პირველი არხის ოქროს ფონდი ინახავს.