საქართველოს პირველი არხი პროექტის „ევროპული პერსპექტივა“ წევრი გახდა
საქართველოს პირველი არხი პროექტის „ევროპული პერსპექტივა“ წევრი გახდა

საქართველოს პირველი არხი პროექტის „ევროპული პერსპექტივა“ წევრი გახდა. 2022 წლის სექტემბერში გაკეთებული განაცხადის შედეგად, საქართველოს პირველი არხი ოფიციალურად გახდა პროექტის ნაწილი.

„ევროპული პერსპექტივა“ ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ინიცირებული პროექტია, რომელიც ევროპის გაერთიანებული ქსელური ნიუსრუმის შექმნას გულისხმობს, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ერთობლივად მუშაობენ ერთი მიზნისთვის – შექმნან მრავალფეროვანი, კულტურათაშორისი პროდუქტი და საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ შექმნილი სანდო და გადამოწმებული ონლაინ ახალი ამბები.

„ევროპული პერსპექტივის“ წევრები არიან: ბელგია – (RTBF), ესტონეთი – (ERR), ფინეთი – (Yle), საფრანგეთი – (France Télévisions), გერმანია (BR-ARD), ირლანდია – (RTÉ,), იტალია – (Eurovision Italy), ლატვია – (LSM.lv), ლიეტუვა – (LRT), პორტუგალია – Portugal (RTP), ესპანეთი (RTVE), შვედეთი (SR), შვეიცარია (SWI swissinfo.ch), ჩეხეთი (ČT) ასევე ARTE, ფრანკო-გერმანული მაუწყებელი, დანიის კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტი და სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP).

„ჩვენ, საზოგადოებრივ მაუწყებლებს, როგორც ევროპულ იდეას, საერთო მიზნები, ამოცანები და ღირებულებები გვაქვს. ვაძლიერებთ საზოგადოებას გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიწოდებით ყველა პლატფორმაზე. პროექტის ფარგლებში მაუწყებლების მიერ მომზადებული ახალი ამბები ევროპის კონტინენტის მასშტაბით გავრცელდება, რაც ჩვენი ერთიანობის ძალას აჩვენებს. მიხარია, რომ კომიტეტის გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენ, პირველი არხი გავხდით ამ მასშტაბური პროექტის აღიარებული და სანდო პარტნიორი. ვუერთდებით „ევროპულ პერსპექტივას“ და მზად ვართ, მივაწოდოთ საზოგადოებას სანდო და გადამოწმებული სიახლეები ევროპის მასშტაბით“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

პროექტის „ევროპული პერსპექტივა“ ფარგლებში, ახალი ამბები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ითარგმნება პროექტში ჩართული ქვეყნების ენაზე და ადამიანური რესურსის მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინპლატფორმაზე 1tv.ge სულ მალე ევროპის 14-ზე მეტი ქვეყნის ახალი ამბები ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინპლატფორმაზე ატვირთული ახალი ამბები კი პროექტში „ევროპული პერსპექტივა“ ჩართული ყველა ქვეყნის მაუწყებლის ვებპორტალზე განთავსდება.