საქართველოს პირველი არხი მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმების პროექტების მიღებას იწყებს

საქართველოს პირველი არხი სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების მიღებას დღეიდან აცხადებს. სცენარი უკვე არსებული ქართული ან უცხოური ლიტერატურული ნაწარმოების მოტივებზე  უნდა იყოს აგებული, ან წარმოადგენდეს ნაწარმოების ეკრანიზაციას. ფილმის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. ჟანრობრივი შეზღუდვა არ არის. ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 26 წუთზე ნაკლები და 52 წუთზე მეტი. პროექტების წარდგენა შეუძლიათ ტელე და კინო მწარმოებელ საპროდიუსერო კომპანიებს.

„პირველი არხი აქამდე ორიენტირებული იყო უფრო მეტად დოკუმენტურ ფილმებზე, თუმცა 2020 წელს სერიალების გადაღება დავიწყეთ. ახლა გადაწყდა, რომ 2021 წლიდან დავიწყებთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებას. უკვე გამოვაცხადეთ პროექტების მიღება. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ, რომ ფილმი უნდა იყოს გადაღებული ქართველი ან უცხოელი ავტორის ნაწარმოების მიერ. რატომ? იმიტომ, რომ მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული ტელემაყურებელზე, ჰქონდეს სიუჟეტი და ა.შ. ვფიქრობ, ეს დააინტერესებს ქართველ რეჟისორებს“,- განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ.

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმების პროექტების მიღება რამდენიმე საათია, დაიწყო და კონკურსის მიმართ უკვე დიდი ინტერესია.

„დღეს გამოცხადდა კონკურსი. ორი საათია გასული და უკვე არის ინტერესი. გაისმა სატელეფონო ზარები, დამატებით კითხულობენ პირობების შესახებ, რაც ძალიან სასიამოვნოა. დარწმუნებული ვარ, ბევრი რეჟისორი და სცენარის ავტორი მიიღებს მონაწილეობას. რაც მთავარია, მონაწილეობა უნდა მიიღონ კომპანიებმა და სტუდიებმა“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

დოკუმენტაცია მიიღება დღეიდან ელექტრონული სახით მისამართზე – [email protected]. პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის პირველი ნოემბერი.