საქართველოს პირველი არხი მაუწყებლის ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და უსამართლო ბრალდების გამო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პირველი არხი მაუწყებლის ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და უსამართლო ბრალდების გამო განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მედიით (ტელეკომპანია „მთავარი არხი“) გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მაუწყებლის მიერ დადგენილი სოციალური ქსელის გამოყენების წესები მიზნად ისახავს თანამშრომლებისთვის ცენზურის დაწესებას.

საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების წესები 2018 წელს მიღებული დოკუმენტია და საჯაროდ არის განთავსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.

სოციალური ქსელით სარგებლობის წესები მიღებული აქვთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის უმრავლეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ შორის „ბიბისის“, ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შვედეთის საზოგადოებრივ რადიოს და ა.შ. სოციალური ქსელების გამოყენების წესები მიღებული პრაქტიკაა და ეფუძნება სტანდარტულ რეგულაციებს, წარმოადგენს აუცილებელ სახელმძღვანელო დოკუმენტს თანამშრომლებისთვის და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.

აღნიშნული ფაქტი გამოყენებულ იქნა ორგანიზაციის წინააღმდეგ აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული იერიშისთვის და ორგანიზაციის იმიჯის შესალახად, რის გამოც ჩვენი ჟურნალისტები გახდნენ შეურაცხყოფისა და უსამართლო ბრალდების ობიექტი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, თვალი ადევნონ მიმდინარე პროცესებს და არ დაუშვან სხვადასხვა პოლიტიზებული ჯგუფების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებრივი მედიის იდეისა და ევროპული მოდელის ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენება, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დამოუკიდებლობა განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტების მიმართ არც ერთი უსაფუძვლო ბრალდება არ დარჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან რეაგირების გარეშე. ორგანიზაცია დაიცავს თითოეულ თანამშრომელს, არ დაუშვებს, ისინი გახდნენ გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი მხარეების თავდასხმის ობიექტი იმის გამო, რომ არ ემსახურებიან არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს.

დატოვე კომენტარი