საქართველოს პირველი არხი „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულის“ მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

საქართველოს პირველი არხი „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულის“ მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა.

პროექტის, „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულის“ მესამე წლის აღსანიშნავი ღონისძიება დღეს გაიმართა. ორგანიზაციის „მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში“ და ფონდის, „არტკავკასუსის“ მიერ დაწყებულმა პროექტმა ყოველწლიური სახე მიიღო. „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული“ მიზნად ისახავს ხელოვან ქალთა მხარდაჭერას და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას.

პროექტის პარტნიორები არიან: საზოგადოებრივი მაუწყებელი, თბილისის მერია, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში და შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში პროექტის მხარდამჭერები დაჯილდოვდნენ.

საქართველოს პირველი არხი მესამე წელია, ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულის მხარდამჭერია და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალების მხარდაჭერას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას ემსახურება. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიადირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ აღნიშნა, ხელოვან ქალთა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ამ პროექტში პირველი დღიდან ვართ ჩართულნი, ვინაიდან პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო და ჩვენი ონლაინპლატფორმა – სცენა, რომელიც სწორედ პანდემიის დროს შევქმენით, დავუთმეთ ხელოვან ქალებს, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ნამუშევრები გამოეფინათ და საზოგადოებისთვის გაეცნოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანთა მხარდაჭერა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელოვან ქალთა მხარდაჭერა, მათი, როგორც ხელოვანების, ისევე, როგორც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს, თუ ის გაგრძელდება. ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ასეთი საპატიო ჯილდო მივიღეთ და აღინიშნა ჩვენი პატარა, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წვლილი ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიადირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ.

საქართველოში ნიდერლანდების ელჩის, მააიკე ვან კოლდამის თქმით, კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილია მრავალ სფეროში ასობით ძალიან ნიჭიერი ქალის ნამუშევარი.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ციფრული ხელოვნების კვირეულის გახსნაზე. ეს არის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მეწარმე ქალთა საბჭოსთან, თბილისის საკრებულოსთან, ხელოვნების კავკასიის ფონდთან. კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილია ასობით ძალიან ნიჭიერი ქალის ნამუშევარი ფოტოგრაფიაში, ქარგვაში, მულტიმედიასა და მრავალ სხვა სფეროში. საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში ყოფნის შედეგად ვიცი, რომ ქართველი ქალი ხელოვანები შესანიშნავები არიან. ამ პროექტის იდეა არის როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ქალ ხელოვანთა გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ეკონომიკურად გაზრდა, ასევე, შექმნან ქსელი როგორც ადგილობრივად, ისე სხვა ქვეყნებიდან ხელოვანებთან, მათ შორის, ნიდერლანდებიდან“, – განაცხადა საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა.