საქართველოს პირველი არხი ხალდეს აჯანყების შესახებ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს

საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტზე მუშაობს. ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ხალდეს აჯანყებაზე.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და იდეის ავტორი ვასილ მაღლაფერიძე, ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად, მესტიაში იმყოფებიან. მათ დაათვალიერეს მესტიის ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატები და აჯანყების დროინდელი სამხედრო შეიარაღება.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ეს არის არამარტო დოკუმენტური ფილმი, არამედ გაჯერებულია მხატვრული ელემენტებით.

„დოკუმენტური კინო და დოკუმენტური ფილმები – ეს არის პირველი არხის ძალიან მნიშვნელოვანი მხარე, ვიტყოდი, ძლიერი მხარე. ბოლო პერიოდის მანძილზე არაერთი ძალიან საინტერესო ნამუშევარი შევთავაზეთ მაყურებელს, მათ შორის ისტორიული. ახლა დავიწყეთ პროექტი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.

მესტიაში ხალდეს აჯანყებას შეეხება ეს ნამუშევარი და არა მარტო დოკუმენტური ფილმია, არამედ მხატვრული ელემენტებით გაჯერებულია, რადგან ამის გამოცდილება უკვე გვაქვს, ეს გამოცდილება ჯგუფმა მიიღო გადაღებასთან ერთად.

სვანეთში ერთგვარ ექსპედიციაში ვიმყოფებით, ჩვენთვისაც ახალი აღმოჩენებია და ნამდვილად ძალიან ცუდი იქნება, ეს არ იცოდეს ჩვენმა ქვეყანამ, მომავალმა თაობამ. ვფიქრობ, საინტერესო მოგზაურობა ელოდება მაყურებელს, ვინც გამოგვყვება. საკმაოდ დიდ დროს გავატარებთ სწორედ სვანეთში და ჩვენს მაყურებელს პერიოდულად ვაცნობებთ ყველა იმ ნაბიჯს, ყველა იმ სიახლეს, რომელიც გადაღებებისას წინ გველოდება“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ხალდეს აჯანყების შესახებ ფილმის გადაღებები დაწყებულია. მისივე თქმით, ფილმს მაყურებელი, სავარაუდოდ, მომავალ წელს ნახავს.

„სულ მალე 150 წელი შესრულდება ხალდეს აჯანყებიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჰეროიკული და ამაღელვებელი ფაქტი საქართველოს ისტორიაში. ერთი პატარა, ულამაზესი, მაგრამ ძალიან შეუპოვარი სოფელი არ შეეგუა უსამართლობას და დაახლოებით 30-მა ადამიანმა იბრძოლა ბოლომდე გმირულად თავისუფლებისათვის. მათ შეინარჩუნეს და მთელ საქართველოსაც შეუნარჩუნეს ღირსება.

მათ სასამართლოში ჩართული იყვნენ აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, მაშინდელი პრესა აშუქებდა ამ აჯანყებას და სასამართლო პროცესს. აჯანყებამ დიდი ეროვნული გამოღვიძება და აღმავლობა გამოიწვია. იმ ვითარებაში, როდესც მეტ-ნაკლებად თითქოს ქვეყანას ქედი ჰქონდა მოხრილი რუსეთის იმპერიაში, აჯანყების მონაწილეებმა აჩვენეს საოცარი გმირობის მაგალითი და ერთი წამით არ მოიხარეს ქედი.

ისტორიიდან ასეთი მაგალითებით ემოციურადაც იზრდება ადამიანი. სწორედ ემოციური საფუძველი სჭირდება ადამიანის სამშობლოსთან მიახლებას. ახალგაზრდობას სჭირდება ასეთი მაგალითები. ეს არის ისეთივე მაგალითი, როგორიც 300 არაგველი, 300 სპარტელი.

ხალდეში, ულამაზეს სოფელში, სადაც 12-13 კოშკი იდგა, კოშკების დანგრევას ასაფეთქებელი მოწყობილობით ცდილობდნენ, მაგრამ იმდენად მკვიდრად იყო ნაშენები, რომ კოშკები წვებოდა და არ ინგრეოდა. ბავშვობაში მაქვს ნანახი ერთი ასეთი კოშკი. ეს კოშკებიც ამ გაუტეხლობის სიმბოლოა. ძალიან სასიხარულოა, რომ დღესაც გრძელდება ხალდეში ცხოვრება, დგას ჩვენი ქვეყანა და მზად არის, ამ მაგალითით იცხოვროს. აჯანყების შესახებ ფილმის გადაღებები დაწყებულია, გვინდა, რომ წელსვე დავასრულოთ. ალბათ უკვე გაისად ნახავს მაყურებელი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ხალდეს აჯანყება 1875-1876 წლებში მოხდა. სვანური სოფლის მოსახლეობამ მეფის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო.