საქართველოს პირველი არხი - არჩევნები 2025
საქართველოს პირველი არხი - არჩევნები 2025

საქართველოს პირველი არხის მიზანია,  2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესი გაშუქებული იყოს დაბალანსებულად და მიუკერძოებლად, ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს.

სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიის თანაბრად და ნეიტრალურად გაშუქების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პირველი არხი პარტიებს სთავაზობს სატელევიზიო და რადიო ეთერს.

დებატები 2025 

საქართველოს პირველი არხი იცავს კანონის მოთხოვნას და გეგმავს დებატების გამართვას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო დებატები არადისკრიმინაციულად უნდა გადასცეს. ამასთანავე, აღნიშნული მაუწყებელი ვალდებულია, წინასაარჩევნო დებატებში მოიწვიოს ყველა სხვა პოლიტიკური პარტია, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დებატებში მონაწილე პარტიის მსგავსი ან მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 55(2), საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 51(3)

ამ კანონით (საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”) დადგენილი საეთერო დროის თანაბრად განაწილების, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის ვალდებულებები ვრცელდება ამ მუხლის (მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა) მე-5, მე-6 და მე-15 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე, უფლებამოსილ პარტიებთან მიმართებით.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 51 (4))

დებატები უზრუნველყოფილი იქნება სურდო თარგმანით, ასევე, ის გადაიცემა საქართველოს რადიოს ეთერით.

გაშუქება სხვადასხვა პლატფორმაზე

საქართველოს პირველი არხი პარტიებს აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენონ საეთერო დრო პარტიული ან მაჟორიტარული სიის, მერობის კანდიდატების ან პროგრამის პრეზენტაციისთვის (პრეზენტაციისთვის პარტიას პირდაპირი ეთერი დაეთმობა იმ შემთხვევაში, თუ პარტია თავად უზრუნველყოფს არხისთვის პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალის მოწოდებას). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების დრო არ ემთხვეოდეს ევრობასკეტი 2025-ის ტრანსლაციებს, რომლის მსვლელობისას ეთერის შეწყვეტის ან გაუქმების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს (იხილეთ ჩემპიონატის განრიგი).

15 სექტემბრიდან ყოველდღე 18:00-საათიან „მოამბეში“ სტუმრობისას ყველა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს მიეცემა 10 წუთი საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისთვის (თითოეულს ერთჯერადად). მასალა ასევე ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და განთავსდება ონლაინ პორტალზე.

მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში „მოამბის“ ყველა გამოშვებაში, მათ შორის, გამოშვებაში “მოამბე რეგიონები” გაშუქდება საარჩევნო სუბიექტების (უფლებამოსილი და არამხოლოდ) ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათი საარჩევნო პროგრამები და პოზიციები, გამოშვებებს თან სდევს სურდო თარგმანი. ინფორმაცია აქტივობების შესახებ უნდა მოგვაწოდოს პარტიამ ან მისმა პრესსამსახურმა.

2025 წლის  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაშუქდება ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში როგორც სატელევიზიო, ასევე რადიოეთერში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს ყველა საარჩევნო სუბიექტს, აქტივობების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მოგვაწოდონ ელექტრონულ მისამართზე [email protected].

ვებპორტალი

2025 წლის  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით პირველი არხი ქმნის სპეციალურ ვებპორტალს „არჩევნები2025“, რომელზეც განთავსდება წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ამბები. პორტალი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში სისტემატურად განახლდება.

მონიტორინგი 

საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს 2025 წლის  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების გაშუქების შიდა მონიტორინგს.

საქართველოს პირველი არხის და საქართველოს რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის მონიტორინგი მიზნად ისახავს მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას.

მონიტორინგი განხორციელდება სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით, ხოლო გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფენ  სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.

საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკის შესაბამისად გაიზომება:

  • გაშუქებული თემა დათმობილი დროის მიხედვით
  • სუბიექტის პირდაპირი და ირიბი გაშუქება დათმობილი დროის მიხედვით
  • სუბიექტის გაშუქება ტონის მიხედვით (პოზიტიური, ნეგატიური, ნეიტრალური)

ქრონომეტრაჟი დაითვლება, როცა სუბიექტი:

  • ჩანს კადრში
  • კადრში საუბრობს
  • ისმის მხოლოდ ხმა
  • ჩანს სუბიექტის საიმიჯო ატრიბუტიკა
  • მასზე საუბრობენ სხვები

მედიამონიტორინგის ანგარიში გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის წარმოება ხაზს უსვამს პოლარიზებული პოლიტიკური და მედიაგარემოს პირობებში მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქების მნიშვნელობას და უზრუნველყოფს მონიტორინგის შედეგების შესახებ საზოგადოების ობიექტურ ინფორმირებას.

შეგახსენებთ, რომ შიდა მონიტორინგის წარმოება არის არა საკანონმდებლო ვალდებულება, არამედ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივა, რომელიც ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

მედიაწიგნიერება 

საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს მთელი საზოგადოებისთვის და მისი თითოეული წევრისთვის, შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გადაიცემა სურდო თარგმანის თანხლებით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაავრცელებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

სარეკლამო დრო

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად უფლებამოსილი პარტიებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ეთერში გამოყოფს ყოველ საათში 5 წუთს და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად, თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდება იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია, ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. უფლებამოსილი პარტიის გარდა, სხვა პარტიის წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების მიზნით გამოიყოფა ყოველ საათში 10 წამი (თითოეული სუბიექტისთვის) და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად თითოეული ასეთი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდება იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი პარტიისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 30 წამს არ აღემატებოდეს (პარტიას შეუძლია, ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება პარტიის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის“.

2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება ოფიციალურ ვებგვერდზე 1tv.ge, ასევე სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე „არჩევნები 2025“ და წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში სისტემატურად განახლდება.