საქართველოს პირველი არხი არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადას იწყებს

საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს იწყებს. პროექტი – „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადა.

წელს პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ონლაინოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს. პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ხოლო სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით. დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.

პროექტის ფეისბუქგვერდზე პერიოდულად ვიქტორინები გაიმართება, კითხვაზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები წამახალისებელ საჩუქრებს მიღებენ.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი რამილია ალიევა აცხადებს, წელს გაიმართება ოლიმპიადა მეშვიდე კლასელებს შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები.

მისივე თქმით, პროექტი გახდა ნაწილი „პირველი არხი განათლების“ და ამ ტელევიზიის ფარგლებში ჩატარდება საკმაოდ ბევრი აქტივობა ქართული ენის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.

„პირველი არხი  – განათლების“ ეთერში უკვე გადის ქართული ენის გაკვეთილები არაქართულენოვანი სკოლებისთვის. ვფიქრობ, რომ პროექტის ფარგლებში საკმაოდ ბევრი აქტივობა გვექნება.

ონლაინოლიმპიადას ეყოლება სამი გამარჯვებული, სამივე გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით. წელს პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. მოვუწოდებ ყველა მოსწავლეს, აქტიურად ჩაერთოს პროექტში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ, ეწვიონ პროექტის ფეისბუქგვერდს „ჩვენი ქართული ენა“, სადაც ჩატარდება ვიქტორინები ქართულ ენასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რამილია ალიევამ.