საქართველოს პირველი არხი 30 ივნისის გადაცემა „დღის თემასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პირველი არხი 30 ივნისის გადაცემა „დღის თემასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი ნაციონალური პლატფორმაა, რომლის მიზანიც არის საზოგადოების გაერთიანება, განსხვავებული პოზიციების დაახლოება და პოლარიზაციის შემცირება. ქვეყანაში არსებულ რადიკალურად პოლარიზებულ პოლიტიკურ და მედიაგარემოში, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი არხი, რომელზეც ყველა პოლიტიკური ძალა არის წარმოდგენილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედიასაშუალება, უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას, შესაბამისად, სრულიად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის განცხადებები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ 30 ივნისს გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა.

როგორც საზოგადოებამ იხილა, გადაცემაში პირდაპირი ჩართვის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აგრესიული ფორმით ცდილობდა გადაცემის წამყვანზე ზემოქმედებას, ამავე დროს, მისი საუბრის ტონი და შინაარსი იყო ღირსების შემლახავი. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ჟურნალისტის მიმართ აგრესიის გამოხატვა, როგორც ჩანს, წინასწარ იყო გადაწყვეტილი და დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტმა, ყოველგვარი დასაბუთებისა და ფაქტების გარეშე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიკერძოებაში დაადანაშაულა.

პოლიტიკური ლიდერის მხრიდან მსგავსი დაუსაბუთებელი განცხადებები მიზნად ისახავს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას, ორგანიზაციის იმიჯის მიზანმიმართულად დაზიანებას. ეს მით უფრო შემაშფოთებელია საზოგადოებაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში და დაანონსებული აქციების ფონზე, ვინაიდან, მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა, როგორც თავად ორგანიზაცია, ასევე მისი ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას აგრესიის ობიექტებად აქციოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არის უდიდესი მონაპოვარი დღევანდელი საზოგადოებისთვის – ერთადერთი პლატფორმა, რომელიც რჩება კონსტრუქციულ და ყველაზე ღია პლატფორმად ყველასთვის.

შესაბამისად, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას მომხდართან დაკავშირებით და მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დატოვონ ყურადღების მიღმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე, ზემოქმედებისა და მისი ფუნდამენტური ღირებულებების უგულებელყოფის მცდელობა.

დატოვე კომენტარი