საქართველოს პირველი არხი 26 მაისს განსხვავებული სატელევიზიო პროგრამით აღნიშნავს [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხი 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსხვავებული სატელევიზიო პროგრამით აღნიშნავს და მაყურებელს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ ეთერს შესთავაზებს.

26 მაისს, დილის 10:00 საათიდან საქართველოს პირველი არხის მაყურებელს საშუალება ექნება, დილიდან ადევნოს თვალი ჩვენს სადღესასწაულო პროგრამას, რა ხდება რუსთაველის გამზირზე და როგორ აღნიშნავს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს.

ჟურნალისტები ჩაგვერთვებიან ყველა იმ წერტილიდან, სადაც 26 მაისის ღონისძიებებია დაგეგმილი.

პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ, ნახოთ თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია და უყუროთ „მოამბის“ ჩართვას აღლუმიდან.

ამასთან, დღის განმავლობაში შეგეძლებათ იხილოთ სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, საინტერესო სიუჟეტები პირველ პარლამენტარ ქალებზე, მერაბ კოსტავაზე, პირველ პირველ ლედიზე, ექვთიმე თაყაიშვილზე და სხვა.

დღის ბოლოს კი, 20:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი რესპუბლიკის მოედნიდან პირველ გრანდიოზულ კონცერტს გამართავს სლოგანით – გაიზიარე და გააზიარე მუსიკა. თქვენ გელოდებათ უნიკალური საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ დიდი ფინალი. პროექტს ჰყავს სამი ფინალისტი – ანასტასია გარსევანიშვილი, გიორგი როსტიაშვილი და ანა ბერიშვილი. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, ვინ გახდება საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე. დიდ მუსიკალურ დღესასწაულს გააგრძელებენ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართული მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები – ჯგუფი „ფრანი“, სალიო, ჯგუფი „რეგიონი“, დათო ევგენიძე და მისი მეგობრები.

26 მაისს მაყურებელს ძალიან ბევრ სიურპრიზს სთავაზობს გადაცემა „აკუსტიკა“  – შეგიძლიათ, მოისმინოთ ყველასთვის საყვარელი ძველი მელოდიების ახლებური ვერსიები და თანამედროვე ქართული ჰიტები.

გაიზიარე და გააზიარე მხოლოდ ცოცხალი, მხოლოდ ნამდვილი, მხოლოდ საუკეთესო და უბრალოდ, ძალიან მაგარი მუსიკა.

26 მაისს ერთად ავამღეროთ საქართველო პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

 

დატოვე კომენტარი