საქართველოს პირველ არხს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს საბავშვო ევროვიზიის ფარგლებში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლები ესტუმრნენ.

EBU-ს წარმომადგენლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს პირველი არხის ახალი შენობა, ახალი და მიმდინარე ამბების, რადიოსა და სხვადასხვა გადაცემის სტუდიები, ამასთან გაეცნენ თანამშრომლების მუშაობას.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ევროპულ მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა და უცხოური ტელეკომპანიების ხელმძღვანელებმა პირველი არხის ახალ შენობას მაღალი შეფასება მისცეს.

„საბავშვო ევროვიზიის ფარგლებში ჩამოსული არიან ევროპის მაუწყებელთა კავშირის მენეჯმენტი, სხვადასხვა ტელეკომპანიის ხელმძღვანელები, გენერალური დირექტორები, საპროდიუსერო გუნდები. ეტაპობრივად ყველა მოდის ჩვენი ახალი შენობის სანახავად, რადგან, ნამდვილად, ეს არის ერთგვარი ინსტალაცია, მაგალითი რეგიონისთვის და არამარტო რეგიონისთვის. ძალიან ბევრ ევროპულ ტელევიზიას არ აქვს ისეთი ინფრასტრუქტურული შენობა, როგორიც ახლა საქართველოში გვაქვს. ძალიან ამაყი ვართ იმ კომენტარებისთვის, რომლებსაც ვიღებთ. ეს არის ჩვენი სატელევიზიო ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მედიადირექტორ ჟან ფილიპ დე ტენდერის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ძალიან შთამბეჭდავია.

„ვფიქრობ, ეს არის საოცარი, შთამბეჭდავი შენობა, ძალიან გონივრულად არის დაგეგმილი. ძალიან სასიამოვნო ადგილია სამუშაოდ და ვფიქრობ, შემოქმედებითი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ასეთ ადგილს. ეს გარემო მათ შთაგონებას აძლევს უფრო ლამაზი ისტორიების შესაქმნელად“, – განაცხადა ჟან ფილიპ დე ტენდერმა.