საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ სიახლეებს სომხეთის დელეგაცია გაეცნო
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ სიახლეებს სომხეთის დელეგაცია გაეცნო

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია განხორციელებული პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს პენიტენციური ჯანდაცვის მოდელი, პაციენტთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო კლინიკებთან თანამშრომლობის პრინციპები, ასევე, იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია, რომელიც პენიტენციური სისტემაში ხორციელდება.

მათივე ცნობით, სომხეთის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განსაკუთრებით საინტერესოდ მიიჩნიეს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამოცდილება ანტიტუბერკულოზური მკურნალობის, C ჰეპატიტის ელიმინაციის, სუიციდის პრევენციისა და მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული მკურნალობის მიმართულებით.

მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სომხეთის დელეგაციის წევრებს გააცნეს სარეაბილიტაციო პროგრამები, მათ შორის არასრულწლოვანთა, მსჯავრდებული ქალებისა და უვადო მსჯავრდებულებისთვის. საუბარი შეეხო სასწავლო პროგრამებს, რომელთა ფარგლებში მსჯავრდებულები სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან, პენიტენციურ სისტემაში ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობასა და ციფრული უნივერსიტეტის პროექტს, რომლის ამოქმედებაც მიმდინარე წელს იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები იმყოფებოდნენ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ადგილზე გაეცნენ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურას, გრძელვადიანი და მოკლევადიანი პაემნებისათვის განკუთვნილ სივრცეებს. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკა და ტერიტორია, რომელიც გამოყოფილია სასოფლო-სამეურნეო პროექტში ჩართული მსჯავრდებულებისთვის და სადაც ბენეფიციარებს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული და კენკრა მოჰყავთ.

N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სტუმრებმა დაათვალიერეს სამედიცინო აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, გაეცნენ იმ სერვისებს, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს დაწესებულებაში შეუძლიათ.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.