საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა დასაქმებულს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა დასაქმებულს, კომპეტენციების ფარგლებში, უდიდესი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის განათლების საქმეში.

„ძვირფასო მასწავლებლებო, თვისობრივად ახალ რეალობაში ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა, სასიკეთოდ შეიცვალა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების საკითხი, გაჩნდა უკეთესი მომავლის იმედი.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატოთ პროფესიიდან გასული, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილი მასწავლებლების მიმართ. მათთვის ეს დღე სიხარულის და ერთგვარი სევდის მომგვრელია. ვუსურვებთ ყველას ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს.

განათლების სისტემის რეფორმების პროცესში, ახალი გამოწვევები, ახალ პასუხისმგებლობას აკისრებს მოქმედ მასწავლებლებს. დადგა დრო, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ, თქვენი პროფესიონალიზმის დამტკიცებისა და კარიერული წინსვლისათვის. თქვენზეა დამოკიდებული პროფესიის პრესტიჟის აღდგენა და რაც მთავარია, მოზარდი თაობის უზრუნველყოფა თანამედროვე, ხარისხიანი განათლებით.

ღრმად გვწამს, რომ მოქმედ მასწავლებელთა კორპუსს შესწევს უნარი და თითოეული მასწავლებელი მოტივირებულია, სწავლა-სწავლების პროცესში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის. რთული და შრომატევადი იქნება ეს პროცესი. იმედს გამოვთქვამთ, თქვენთვის ჩვეული ნებისყოფით, შრომისმოყვარეობით, სიბრძნითა და შემოქმედებითი მიდგომებით დაძლევთ ყველა გამოწვევას.

ახალი სასწავლო წელი, კვლავ მრავალი გადაუჭრელი პრობლემით იწყება სკოლამდელ დაწესებულებებში. საბავშვო ბაგა-ბაღების და საჯარო/კერძო სკოლების ყველა კატეგორიის დასაქმებულების წინაშე არსებული სირთულეები ღრმად გვაქვს გაანალიზებული, მომზადებული გვაქვს მოთხოვნები შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის. იმედი გვაქვს, ჩვენი ერთობითა და ძალისხმევით ყველა პრობლემა დადებითად გადაწყდება.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა დასაქმებულს, თქვენი კომპეტენციების ფარგლებში, უდიდესი წვლილი შეგაქვთ მომავალი თაობის აღზრდა/განათლების საქმეში“, – ნათქვამია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განცხადებაში.