საქართველოს პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე [ფოტო]
საქართველოს პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე [ფოტო]

საპატიო სტუმარი ქვეყნის, საქართველოს პავილიონის გახსნის ცერემონიალი დღეს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართება.

პავილიონს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნიან. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნება.

9-14 ოქტომბრის დღეებში ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. საქართველოს პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.