საქართველოს პარლამენტს 30 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს პარლამენტს 30 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პარლამენტს 30 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიენ პასკიე ეწვევა. ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა შეაჯამა და აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძეს ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა.

მისი განცხადებით, საქართველო 2019 წლის ბოლოს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ჩუგოშვილის თქმით, წელს 20 წელი სრულდება, რაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა და ქვეყანამ ამ ხნის მანძილზე მნიშვნელოვანი გზა გაიარა.

დეპუტატის შეფასებით, სტრასბურგში გასულ კვირას გამართული შეხვედრები კარგი შესაძლებლობა იყო, რათა მაღალი ტრიბუნიდან ესაუბრა ქართულ მხარეს იმის თაობაზე, როგორ შეიცვალა საქართველო და როგორ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც 20 წლის წინ ევროპელების წინაშე აიღო.

ჩუგოშვილის თქმით, ერთხმად აღინიშნა, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ განიცადა, დასაფასებელი და აღსანიშნავია.

ამას გარდა, ჩუგოშვილმა ისაუბრა სტრასბურგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავის გახსნაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი მოვლენაა, როდესაც ქართველი პოლიტიკოსის ვარსკვლავი წარწერით „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ სტრასბურგში გაიხსნა ისეთი პოლიტიკოსების გვერდზე, როგორიცაა ჩერჩილი და სხვები.