საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩია
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია – გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი.
გრიგოლ მურღულია წარდგენილი იყო ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“, მის კანდიდატურას 82-მა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო.
„ხალხის ძალის“ კანდიდატი დავით ქართველიშვილი სამეურვეო საბჭოს წევრად 83 ხმით აირჩიეს.
ამასთან, კენჭისყრაზე დადგა ფრაქციის „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი: თეა გეგენავა – (12 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი), ელისო გაბადაძე – (12 მომხრე, რვა წინააღმდეგი), თეიმურაზ კეკელიძე – (12 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი), თუმცა მათ საჭირო ხმები ვერ მიიღეს.
„ამ დღეების განმავლობაში ჯერ კიდევ მოქმედებს არსებული რეგლამენტი და იმართება პლენარული სხდომებიც. მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, შეგიძლიათ, წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან კიდევ ერთხელ დაასახელოთ მეურვეობის კანდიდატი. ამ შემთხვევაში მის ასარჩევად 50 ხმაა საკმარისი. თუ ჩათვლით, რომ ამის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, კანდიდატი დაასახელოთ და მისი არჩევისთვის საკმარისი იქნება 50 ხმა. თუ არა – პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი წესები, რომლის მიხედვითაც, კომისიის გარეშე შეძლებთ იმავე ან სხვა კანდიდატების დასახელებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.