საქართველოს პარლამენტის წევრებმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის წევრებმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მიიღეს მონაწილეობა

31 ოქტომბერს, სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა, ასევე ტექნოლოგიურ და გარემოს საკითხთა კომიტეტების სხდომები გაიმართა.

ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა.

სხდომის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები თემაზე: „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 30 წლისთავი, თანამშრომლობის განვითარება შავი ზღვის რეგიონში“.

ტექნოლოგიურ და გარემოს საკითხთა კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი. კომიტეტმა განიხილა მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები თემაზე: „ბისეკის წევრი ქვეყნების ეროვნული სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში“.

კომიტეტის სხდომების გარდა, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის რეგლამენტის საკითხების სამუშაო ჯგუფში.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.