საქართველოს პარლამენტის წევრებმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართეს
საქართველოს პარლამენტის წევრებმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებთან შეხვედრები გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ის კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზნით იმყოფება.

როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკოლოზ სამხარაძემ და გიორგი ხელაშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადამ სმიტთან და წარმომადგენელთა პალატის წევრთან, ჯონ გარამენდისთან.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა უსაფრთხოების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, აშშ-საქართველოს პარტნიორობის და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაზრდის საჭიროებას.

დატოვე კომენტარი