საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. საგაზაფხულო სესიის გახსნა პლენარული სხდომით მოხდება. თავის მხრივ, პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატებით გაიხსნება.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების მიღება ცესკო-ს თავმჯდომარის თაობაზე მოხდება. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევანის გაკეთება მოხდება მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და კანდიდატ თენგიზ თევზაძეს შორის.

საკადრო გადაწყვეტილების გარდა, საგაზაფხულო სესიაზე, საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს სახელმწიფო უწყებების ანგარიშების მოსმენა, მათ შორის უწყებას უნდა წარედგინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახალხო დამცველის, ეროვნული ბანკისა და სახელწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები. ასევე, პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს პრემიერ-მინისტრი.

ანგარიშების მოსმენის გარდა, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს საკონსტიტუციო ცვლილებებზეც. ამ დროისთვის კონსტიტუციური პროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული, რომლის გათვალისწინებით, საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება და არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. მეორე მოსმენამდე იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილებების კორექტირება, თუმცა პროექტი საბოლოოდ რა სახით ჩამოყალიბდება, ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსულტაციების შედეგებზე.

რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.