საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს დეპუტატები მეორე მოსმენით უყრიან კენჭს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს დეპუტატები მეორე მოსმენით უყრიან კენჭს

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს“ მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. პროექტი გუშინ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განიხილეს.

დოკუმენტი მეორე მოსმენით განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა, რომელმაც დატალურად იმსჯელა თითოეულ მუხლში განხორციელებული ცვლილების შესახებ. მისი თქმით, კონსტიტუციასთან ერთად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც არეგულირებს პარლამენტის საქმიანობას და მის უფლებამოსილებას.

„ამ დოკუმენტმა მიღების შემდეგ თვისობრივად უნდა შეცვალოს პარლამენტის საქმიანობა. მასში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აძლიერებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სხვა ანგარიშვალდებულ ორგანოებზე პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეგლამენტის მეშვეობით, მომავალი ორი წლის განმავლობაში პარლამენტი იქნება საზოგადოებისთვის კიდევ უფრო საინტერესო, ვიდრე აქამდე იყო და საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად ექნება შესაძლებლობა, რომ პასუხები მოისმინოს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მას აინტერესებს და უფრო ნათლად და მკაფიოდ დაინახოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა ორგანოს საქმიანობა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, ახალი რეგლამენტის სტრუქტურა გამარტივებულია და მოიცავს მხოლოდ XX თავს, კარებად დაყოფის გარეშე. თავები ლოგიკური თანმიმდევრობითაა დალაგებული და მისი შექმნისას გათვალისწინებული იყო კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პარლამენტის მარეგულირებელი ნორმების და შესაბამისად, სუბიექტების თუ თანამდებობის პირების თანმიმდევრობა.

რეგლამენტის ახალი რედაქციით, პარლამენტის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის ადგილად განსაზღვრულია საქართველოს დედაქალაქი, თბილისი. პარლამენტის სხდომის გამართვა სხვა ადგილას შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო პარლამენტის სასახლე ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.

დოკუმენტი იწყება ზოგადი დებულებებით, რასაც თან მოსდევს პარლამენტის წევრისა და პარლამენტის ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები, პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა განსაკუთრებულ საქმიანობისთან დაკავშირებული საკითხები, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული დაწესებულებების მარეგულირებელი ნორმები, რეგლამენტის დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხები, გარდამავალი და დასკვნითი დებულებები. ახალ რედაქციაში განხორციელდა მთელი რიგი ტერმინოლოგიური ცვლილება.

სხდომაზე ასევე დეტალურად იმსჯელეს რეგლამენტის თანდართული 33 კანონპროექტის თაობაზე.

განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საკომიტეტო განხილვებისას არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები გაითვალისწინეს.

„ბევრი რეკომენდაცია, რომელიც დაფიქსირდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან გავითვალისწინეთ კომიტეტის სხდომაზე. ჯამში, ვფიქრობ, ეს დოკუმენტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელსაც ამ მოწვევის პარლამენტი მიიღებს. ამოცანა და არსი ამ დოკუმენტის არის ის, რომ პარლამენტი, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო გახდეს ბევრად უფრო ქმედითი, ეფექტური და საზოგადოებისთვის ბევრად უფრო საინტერესო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

განხილვაში ჩართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები პროექტს მთლიანობაში დადებითად აფასებენ, თუმცა მათ კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები მაინც აქვთ.

„შემოთავაზებული რეგლამენტის პროექტი აუმჯობესებს მთელ რიგ საკითხებს საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით. ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულია. ეს ნამდვილად არ არის ცუდი დოკუმენტი, თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული შენიშვნები. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან ეს არის სამთავრობო საათის არ არსებობა. სამთავრობო საათი ეს არის მექანიზმი, როდესაც ყველა სასესიო კვირაში მინისტრი ვალდებულია, მოვიდეს და გასცეს დეპუტატების კითხვებს პასუხი. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი არ არის დღეს და არც გვექნება ხვალ, მაშინ, როდესაც ეს არის ყველა საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო სისტემისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტი“, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.

ამასთან, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დეტალურად გაიწეროს პროცედურები, თუ როგორ მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა და მათთან გასაუბრების წარმართვა.

„როგორც მოგეხსენებათ, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად პარლამენტს მოუწევს მინიმუმ 18 ახალი მოსამართლის შერჩევა უზენაეს სასამართლოში, რომლებიც პირველად საქართველოს ისტორიაში უვადოდ დაინიშნებიან. აქედან გამომდინარე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ მოსამართლეთა კანდიდატების განხილვები შედგეს საჯაროდ. ჩვენი შენიშვნა შეეხება სწორედ ამ პროცედურებს, პარლამენტის რეგლამენტში 204-205-ე მუხლები არსებული პროექტის რედაქციაში ეხება სწორედ კონკურსის გარეშე პარლამენტის მიერ დასანიშნი თანამდებობის პირების პროცედურას, როგორ ხდება მათი შერჩევა. სწორედ ამ პროცედურასთან დაკავშირებით გვაქვს შენიშვნები“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, განხილვის პროცესში გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების შესახებ დამატებით იმუშავებენ პროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გატანამდე.