საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მიიღო მონაწილეობა

ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მიიღო მონაწილეობა.

პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტებზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „საჯარო დაწესებულებებში მმართველობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის საფუძველზე ეფექტიანობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“. დოკუმენტი ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საჯარო დაწესებულებებში კარგი მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობას.

ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის კონტექსტში“, რომლის თანაავტორები არიან საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე, და ევროპარლამენტარი ბრონის როპე.

კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი საქართველოს მხრიდან თანა-ავტორის სახელის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ხატია წილოსანმა წარადგინა. რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის მნიშვნელობას ევროპის მწვანე შეთანხმების კონტექსტში. დოკუმენტი ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკული სექტორის მიღწევებსა და გამოწვევებს.

ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „დედაქალაქები: ეკონომიკური განვითარება პოსტ COVID-19-ის რეალობაში“. კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მოიცავს პოსტ-პანდემიური აღდგენის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს.

სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამების თავსებადობა და დაახლოება“, სადაც განხილულია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემაში არსებული მიღწევები და გამოწვევები და ვაქცინაციის პროგრამების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პოლიტიკა.

კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხილულ რეზოლუციების პროექტებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე პლენარული სესია დაამტკიცებს.

ერევანში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან  მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.