საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფურიო რადენს, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩსა და კომიტეტის წევრებს, ასევე, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გარი კაპელის, კომიტეტის წევრებს და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს დავორ დრეტარს.

პარლამენტის პრესსამსაუხრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა და დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

„შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობისთვის გაკეთებული განაცხადი და მასთან დაკავშირებული პროცესები, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

ხორვატი პარლამენტარები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაუსვეს ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. აღინიშნა, რომ ხორვატია შემდგომშიც გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ქართველ კოლეგასთან საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების კუთხით, ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვეს.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის და კოლეგებს ხორვატიის მიერ საქართველოსა და მისი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით დომაგოი ჰაიდუკოვიჩის სპეციალური მიწვევით იმყოფება“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.