საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში, სადაც განიხილებოდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გამოწვევები.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართა კომიტეტის წევრებს, სადაც ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მათივე ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა საქართველოს ძალისხმევაზე დასავლეთის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების დაცვის მიმართულებით.
„თავის გამოსვლაში გივი მიქანაძემ აღნიშნა ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად საქართველოს გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც უფრო მეტად დასაფასებელია ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციის და ფართო რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.
გივი მიქანაძემ ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს წარუდგინა რამდენიმე ცვლილება, რომლებიც ეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებებს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.