საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

21:31, 28.09.2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში – „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა, რომელმაც ევროპის ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  მისი განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება მხოლოდ ტექნიკური და ინსტიტუციური პროცესი არ არის და იგი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

როგორც თორნიკე ფაღავამ აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია ისტორიული არჩევანია და საერთო ევროპული მომავლისადმი მტკიცე ერთგულებას გამოხატავს. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხს. თორნიკე ფაღავამ ისაუბრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არსებული სირთულეების პირობებში ურთიერთობებს სჭირდება მეტი დიალოგი და არა იზოლაცია.

კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტების როლსა და საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობაზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, პოლიტიკური განსხვავებები და არსებული სირთულეები არ უნდა გახდეს დიალოგის შეწყვეტის საფუძველი და ნდობის აღდგენა და სრულფასოვანი დიალოგის განახლება საერთო ინტერესს წარმოადგენს.

გიორგი ჩაკვეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია კვლავაც სტრატეგიულ და კონსტიტუციურ მიზნად რჩება, ხოლო საქართველო მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის განმტკიცებაში და შავი ზღვის ფართო რეგიონში დაკავშირებადობის განვითარებაში.

კონფერენციაში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების 30-მდე საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ალბანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ევროკავშირის გაფართოების მომავალი, ევროპული ინტეგრაციის პროცესში პარლამენტების როლი და გაფართოების მნიშვნელობა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

მსგავსი