საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სეულს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სეულს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის კორეის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით დღეს სეულში გაემგზავრება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრები გაიმართება ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ლი ჯუ-იონგთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ იუ სინგ-ჰისთან, საგარეო ურთიერთობათა და გაერთიანების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კანგ სოკ-ჰოსთან, მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე იუნ კვან-სუკთან და პოლიტიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იუნ სუნ-გუსთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარლამენტარები კორეის დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე საზავო სოფელ პანმუნჯომსა და კორეული კომპანია Samsung-ის საგამოფენო ტექნოლოგიურ ცენტრს ეწვევიან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველო-კორეის რესპუბლიკის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრები: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სამხრეთ კორეაში 12 სექტემბერს დასრულდება.

დატოვე კომენტარი