საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია დღეს გაიხსნება.

სესიას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში. გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. დელეგაციის წევრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ასამბლეის კომიტეტების, პოლიტიკური ჯგუფების სხდომებსა და ასამბლეის სესიაზე სხვადასხვა თემაზე გამართულ დებატებში.

საზაფხულო სესიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.