საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას გახსნის
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას გახსნის

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას დღეიდან ოფიციალურად განაახლებს. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.

დეპუტატები საშემოდგომო სესიას დღეს ბიუროს სხდომით პარლამენტის თბილისის შენობაში გახსნიან, ხვალიდან კი პლენარული სხდომები ქუთაისში იქნება მოწვეული.

იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის დანიშნული, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას სექტემბრის ბოლომდე წარმართავს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში კი მუშაობას შეწყვეტს.

რაც შეეხება საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებს, კანონმდებლებს რეგლამენტის ახალი პროექტის დამტკიცება და რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევთ, მათ შორის, უზენაესი სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების არჩევა.

რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას დეკემბრის მესამე პარასკევს დახურავს.