საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას გახსნის
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას გახსნის

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საშემოდგომო სესია დღეს პლენარული სხდომით ოფიციალურად გაიხსნება.

საშემოდგომო სესიაზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატი ოფიციალურად შეუწყდება.

სესიის ფარგლებში განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. დადგენილების პროექტით განსაზღვრულია კომისიის შემადგენლობა და აღნიშნულია, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 13 წევრისგან შედგება.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა მოუსმინოს და 20 მოსამართლე აირჩიოს. ამასთან, პარლამენტმა ის წლიური ანგარიშებიც უნდა მოისმინოს, რომლის განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე გადაიდო. მათ შორის არის სახალხო დამცველის, გენერალური პროკურორისა და აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები.

„ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება, როდესაც დემოკრატიული არჩევნების თარიღი გვსურს, რომ 2020 წელს განვსაზღვროთ. იცით, რომ ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო რეფორმის დროს იყო მიღებული, როდესაც საქართველო გადავიდოდა საკონსტიტუციო არჩევნებზე. ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ პოლიტიკური სისტემა, საზოგადოებას უფრო დემოკრატიული, უფრო თანასწორი საარჩევნო მოდელი შევთავაზოთ. სწორედ ამისათვის მოვახდინეთ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება. რაც შეეხება ოპოზიციის ალტერნატიულ ინიციატივას, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ოპოზიციის ნაწილი ითხოვს ბლოკების დატოვებას, მაგრამ ამაზე გვაქვს პასუხი, ვთავაზობთ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას, არამხოლოდ პროპორციულ სისტემას არჩევნებისთვის, არამედ ვთავაზობთ პროპორციულ არჩევნებს ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერით, რაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ პარტიას, მცირე და ახალ პარტიებს, ასევე ტრადიციულ პარტიებს აძლევს შესაძლებლობას და რეალურ შანსებს, რომ საპარლამენტო პარტია მიიღონ არჩევნების გზით. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდებათ ბლოკებში გაერთიანება, რათა საკუთარი რეალური მხარდაჭერა ასახონ საპარლამენტო მანდატებში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს დაიხურება.

დატოვე კომენტარი