საქართველოს პარლამენტი - საქართველოს დღესაც უწევს გამკლავება ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან, რაც ქმნის ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს ევროინტეგრაციის გზაზე
2022 წლის მარტში სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი, – ამის შესახებ ნათქვამია „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო.
განცხადების თანახმად, ეს უარი „„დიფ სთეითმა“, კერძოდ, USAID-ის, NED-ისა და სხვა შესაბამისი ფონდების მიერ დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს“.
პარლამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს 2024 წელს უარი უთხრეს მოლაპარაკების გახსნაზე და ქვეყანას დღესაც უწვეს ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან გამკლავება.
ამავდროულად, განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციას აშშ და ნატო საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი არ მიიჩნევენ რეალურად, შესაბამისად, ამ პირობებში საქართველოს ჭარბი აქტიურობა აზრს მოკლებულია.
„უსამართლო მიდგომის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, 2023 წლის დეკემბერში მაინც მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, თუმცა უსამართლო მიდგომა 2024 წლიდან ისევ განახლდა. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების მზაობის მიუხედავად, ევროპულმა ბიუროკრატიამ შექმნა ხელოვნური დაბრკოლება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, უთხრა რა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს უარი მოლაპარაკებების გახსნაზე. საქართველოს დღესაც უწევს გამკლავება ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან, რაც ქმნის ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას, როგორც ცნობილია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და ნატო უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი არარეალურად მიიჩნევენ და ასეთ პირობებში საქართველოს ჭარბი აქტიურობა აზრს არის მოკლებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების მიერ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ, არავითარი საფუძველი არა აქვს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.