საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს პლენარული სხდომით გახსნის
საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს პლენარული სხდომით გახსნის

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობას ოფიციალურად დღეს განაახლებს.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.

საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს. სალომე ზურაბიშვილს კი პრეზიდენტის რანგში პარლამენტისთვის რიგით მეორე წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, დეპუტატებს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელთა შორის არის გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა.

საგაზაფხულო სესიაზე კანონმდებლები რამდენიმე წლიურ ანგარიშსაც განიხილავენ, მათ შორისაა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკისა და გენერალური პროკურატურის ანგარიშები.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.

საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობა ოფიციალურად გასული წლის 20 დეკემბერს დაასრულა.