საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დახურავს
საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დახურავს

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს დახურავს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შეახსენა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია 29 ივნისს დაიხურება.

„საგაზაფხულო სესიის დახურვა კონსტიტუციით არის განსაზღვრული, უნდა შესრულდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დახურავს, ამიტომ მინდა, ეს ვიცოდეთ. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება 29 ივნისის სხდომასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რიგგარეშე სხდომების მოწვევა ივლისის ბოლომდე სთხოვონ, რადგან პარლამენტს ბევრი საკანონმდებლო და საკადრო ცვლილება აქვს მისაღები. კერძოდ, პარლამენტს მოუწევს, როგორც ახალი მთავარი პროკურორის არჩევა, ასევე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მოსმენა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა.