საქართველოს პარლამენტი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით 14-პუნქტიანი რეზოლუციის პროექტის მიღებას გეგმავს
საქართველოს პარლამენტი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით 14-პუნქტიანი რეზოლუციის პროექტის მიღებას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით 14-პუნქტიანი რეზოლუციის პროექტის მიღებას გეგმავს. პროექტი პარლამენტის ბიუროს 21 დეკემბრის სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს პარლამენტი ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებს; ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ხელმძღვანელობს საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეო-პოლიტიკური კურსით, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით; ითვალისწინებს რა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის და „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებულ რეზოლუციებში ასახულ ძირითად მიდგომებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა; აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს და ეწინააღმდეგება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას;

აღიარებს რა დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლურ ღირებულებებად; აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს:

1.საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

2. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრება. ტრანსატლანტიკური ერთობა მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ხელისუფლება გამოიყენებს ნატოში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ინსტიტუციურ მექანიზმს, გააგრძელებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის სრულყოფას, რათა უზრუნველყოს ნატოში წევრობისთვის სტრატეგიული მზადყოფნა, ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

3.საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების და დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირთან თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას, რათა 2024 წელს საქართველომ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე. ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების გარდა, საქართველო აქტიურად გამოიყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პლატფორმას თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველო, როგორც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, განამტკიცებს ტრადიციულ მეგობარ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან – გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან – პოლიტიკური, უსაფრთხოების და სექტორული მიმართულებებით ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას და ევროპის უსაფრთხოებისათვის ზრუნვას. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების სრულად გამოყენება და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა, აგრეთვე ევროპასთან კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაფართოება.

4. საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არეალში აშშ-ის ჩართულობის გაზრდის მიზნით, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევა, თავდაცვისა და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცება და საქართველოში ამერიკული ინვესტიციის მოზიდვა.

5. ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის გატარებით, მათ შორის, მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მიისწრაფვის შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ. საქართველოსთვის პრიორიტეტულია თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობისა და სომხეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება, ასევე რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება.

6. საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია, ოკუპირებული რეგიონების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარების უკან გაწვევა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა და რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება.

7. საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და კორეასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

8.საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატში, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ურთიერთობების განვითარებას და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

9.საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყნის, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება, განათლების, ციფრული, ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

10. საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობით აღსავსე წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშეწყობას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობს გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიასთან ბრძოლას.

11. საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებისთვის საქართველო წაახალისებს ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლისა და კავშირების განვითარებას.

12. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და მათი კულტურული და საგანმანათლებლო კერების ხელშეწყობას.

13. საქართველოს პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და წარმართვაში პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულებებისა და პრინციპების შემუშავებით, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებითა და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გააქტიურებით.

14. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამონაწილეობას“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.