საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას იწყებს
საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას იწყებს

საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას იწყებს. საკანონმდებლო ორგანოში მინისტრებს დღეს დილიდან ელოდებიან. საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობის წევრებს 10:00-დან 12:00 საათამდე მოუსმენენ.

კომიტეტების სხდომის დამთავრების შემდეგ, მინისტრები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან, ასევე ფრაქციებთან შეხვედრებს გამართავენ, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.

მთავრობის შემადგენლობა პირველ შეხვედრას 13:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართავს. 15:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის წევრები ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ შეხვდებიან, ხოლო 17:00 საათზე მთავრობის შემადგენლობას ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ მოუსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრების შეხვედრა კი 19:00 საათზეა ჩანიშნული.

საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობასთან და ფრაქციებთან მთავრობის წევრების შეხვედრები 20:00 საათამდე გაგრძელდება, 21:00 საათზე კი პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი 21 დეკემბერს ქუთაისში იმსჯელებს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეურთდა; გარემოს დაცვის სამინისტროს  – სოფლის მეურნეობის სამინისტრო;  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა, კერძოდ, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გიორგი გახარიამ შეცვალა, რომელსაც მანამდე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო.

განათლების მინისტრის პოსტი თსუ-ს ყოფილმა პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა.

კულტურის სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს ნაწილის გაერთიანებულ სტრუქტურას მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.

გარემოს დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შერწყმის შემდეგ, მინისტრის თანამდებობას ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაერთიანების შემდეგ, მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იქნება.