საქართველოს პარლამენტი - გამოვთქვამთ მზადყოფნას, აშშ-ის კონგრესთან ვითანამშრომლოთ ყველა საკითხზე, რომელმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს
საქართველოს პარლამენტი - გამოვთქვამთ მზადყოფნას, აშშ-ის კონგრესთან ვითანამშრომლოთ ყველა საკითხზე, რომელმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომელმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს, – ამის შესახებ ნათქვამია „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებული განცხადების თანახმად, „დიფ სთეითმა“ საქართველოს ვერ აპატია, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის“ თაობაზე.

„საქართველოს პარლამენტის შეფასებით, ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს − „დიფ სთეითმა“ საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის“ თაობაზე.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული “, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.